დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა განაჩენი და ამ განაჩენით თავის თავს გამოუტანა განაჩენი, ქვეყანას და ქვეყნის ყველა ინსტიტუტს, რადგან ის შანსი, რაც არსებობდა, რომ დავბრუნებულიყავით საკონსტიტუციო ჩარჩოში არ გამოიყენა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ქვეყანაში აღარ არსებობს დამოუკიდებელი ინსტიტუტი, არც სასამართლო, არც პარლამენტი, არც მთავრობა, ყველაფერი დამოკიდებულია ერთპარტიულ წყობაზე.

"დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა განაჩენი და ამ განაჩენით თავის თავს გამოუტანა განაჩენი, ქვეყანას და ქვეყნის ყველა ინსტიტუტს, რადგან ის შანსი, რაც არსებობდა, რომ დავბრუნებულიყავით საკონსტიტუციო ჩარჩოში არ გამოიყენა. ამ ქვეყანაში აღარ არსებობს დამოუკიდებელი ინსტიტუტი, არც სასამართლო, არც პარლამენტი, არც მთავრობა, ყველაფერი დამოკიდებულია ერთპარტიულ წყობაზე. კითხვა ისმის, რატომ შევიტანეთ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, როდესაც უკვე ვიცოდით, თუ რა დღეში იყო მთელი სასამართლო სისტემა და ამაზე მე უნდა ვაგო პასუხი, რადგან ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება.

იმედი თუ ნდობა, რომ სასამართლო მიიღებდა ქვეყნისთვის სწორ გადაწყვეტილებას იყო მცირე, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის არსებობს ადამიანების იმედი, მით უმეტეს, ამ ქვეყანაში. მე მქონდა იმედი, რომ, როდესაც ადამიანებზეა დამოკიდებული ის, იქნება თუ არა ქვეყანაში მშვიდობა და ერთხელ აქვთ ისტორიული გადაწყვეტილების მიღების საშუალება, მე მჯეროდა, რომ სამი ადამიანი მაინც მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას და იქნებოდა მართალი ქვეყნის წინაშე, შევცდი, შევცდი და დღეს ვართ იმ მდგომარეობაში, როცა ქვეყანას არ გააჩნია არანაირი კონსტიტუციური ძალაუფლება.

დანა ჩაარტყეს კონსტიტუციას და დახიეს მთლიანად, ახლა რჩება ერთი კონსტიტუციური ინსტიტუტი და ეს მე ვარ, რაც არის დიდი პასუხისმგებლობა და რჩება მეორე მხარეს ადამიანი, რომელმაც მოახდინა უზურპაცია მთელს ქვეყანაში, დააწესა ძალადობრივი რეჟიმი და ეს არის ივანიშვილი. ჩვენ უნდა მოვძებნოთ გამოსავალი ამ ქვეყანაში, ჩემი პასუხისმგებლობაა, რომ წავიყვანო ეს ქვეყანა ახალ არჩევნებამდე, რომელიც ლეგიტიმურად აირჩევს ხელისუფლებას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ პრეზიდენტის და 30 პოლიტიკოსის კონსტიტუციური სარჩელები არსებით განსახილველად არ მიიღო.