როგორ შეიძლება ადამიანებს უკანონო დაპატიმრებული პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლება არ გაუხარდეთ?! – ამის შესახებ პარტია "სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად ამისა, მიხეილ ყაველაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ბევრ ეჭვს ბადებს და ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის შიდა დაპირისპირების გაღრმავებას ემსახურება.

ბესელიას განმარტებით, ირაკლი კობახიძემ თავად დაადასტურა, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის გათავისუფლება სწორედ ოპოზიციის შიგნით ახალი დაპირისპირების გასაღვივებლად მოხდა.

"ის მუხანათური გეგმაც კი არ დამალეს, რაც ჰქონდათ. კობახიძემ ღიად თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციას შორის დაპირისპირების გამწვავებას ემსახურებოდა. როცა პირი არ ითხოვს შეწყალებას, პრეზიდენტის მხრიდან ასეთი ჰუმანური აქტის გამოყენება დაუშვებელია. მარტივად მისახვედრია, რომ ეს ძალიან მზაკვრული ნაბიჯი იყო. ჩნდება კითხვა – თუ ეს შესაძლებელია, მაშინ რატომ არ შეიწყალა ის პოლიტიკოსები, რომლებიც იგივე ბრალდებით დღესაც პატიმრობაში რჩებიან? ეს კი პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ მიზანი ოპოზიციის შიდა დაპირისპირების კიდევ უფრო გაღრმავებაა“, – განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, ოპოზიცია არ უნდა აჰყვეს "ქართული ოცნების“ თამაშს და შიდა დაპირისპირებაზე დრო არ უნდა დაკარგოს.

"მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ისინი არ უნდა გათავისუფლებულიყვნენ. პირიქით, უბრალოდ არ უნდა ავყვეთ იმ მზაკვრობას, რასაც ე.წ. ხელისუფლება ცდილობს. პრემიერ-მინისტრად წოდებული კობახიძე ჩასაფრებული, ხულიგნური ტერმინოლოგიით საუბრობს, რაც მეტყველებს მის რეალურ განზრახვაზე. ახლა საჭიროა, რომ ოპოზიციამ თავი აარიდოს შიდა დაპირისპირებას და სწორად იმოქმედოს. არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე კი ჩვენი საზოგადოება თავად უნდა განსაზღვროს, რა არის სწორი გზა“, – განაცხადა ბესელიამ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად არსებული სირთულეებისა, ოპოზიციამ ხალხისა და დასავლელი პარტნიორების წინაშე სიმტკიცე უნდა აჩვენოს.

"აუცილებელია ის მონაპოვარი დავიცვათ, რაც საქართველოს სჭირდება. არსებობს საფრთხე, რომ ქვეყანას ევროპული ინსტიტუტების დატოვება მოუწიოს. მათ შორის – ევროსაბჭოს. ამიტომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ერთიანობა და სიმტკიცე“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.