სამართალი ამ ქვეყანაში არ არის. კომისიაზე ჩემი არგამოცხადება იმით იყო განპირობებული, რომ პარლამენტი არის არალეგიტიმური, მისი შექმნილი კომისია არის არალეგიტიმური, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მისი ერთ-ერთი მოთხოვნა არის თეა წულუკიანის მისვლა სასამართლოზე.

"ჩვენ ვემორჩილებით სასამართლოს, მიუხედავად იმისა, რომ არის მურუსიძისა და კლანური მმართველობის ქვეშ.  სამართალი ამ ქვეყანაში არ არის. კომისიაზე ჩემი არგამოცხადება იმით იყო განპირობებული, რომ პარლამენტი არის არალეგიტიმური, მისი შექმნილი კომისია არის არალეგიტიმური და ეს კომისიაც კანონის უხეში დარღვევითაა შექმნილი, მაგრამ ვთქვი, რომ თუ ვინმეს რამე კითხვა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ამ სასამართლოს აკონტროლებს ბიძინა ივანიშვილი და მურუსიძე, ჩვენ მზად ვართ, კანონის ფარგლებში ვუპასუხოთ ნებისმიერ კითხვას. 

ერთ-ერთი მოთხოვნა არის წულუკიანის მოსვლა სასამართლოზე, რომ პასუხი გასცეს, როგორ მართავს არაკანონიერად შექმნილ კომისიას და რომ იყენებს პოლიტიკური დევნისთვის ბიძინა ივანიშვილის დავალებით", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის მამუკა ხაზარაძის პროცესია ჩანიშნული. მას გამოძიება პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა ედება ბრალად, რომელიც კანონმდებლობის თანახმად 349-ე მუხლით ისჯება, რაც  ფულად ჯარიმას, ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.