„კონკრეტული მაგალითები შეგვიძლია მოვიყვანოთ, როდესაც ხდებოდა სხვადასხვა ქვეყნის ინტერესების გათვალისწინება ჩვენი ქვეყნის ინტერესების ფეხქვეშ გათელვით“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს გენერალური პროკურორის განცხადებას ოპოზიციის ცალკეული ლიდერების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის, წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ. 

მისი თქმით, ეს არ არის ოპოზიციასთან ანგარიშსწორება, როგორც ამის წარმოჩენა სურთ.

"როდესაც ახორციელებ პოლიტიკურ საქმიანობას და წარმოადგენ შენს ქვეყანას, პირველ რიგში, უნდა დაიცვა შენი ხალხის და ქვეყნის ინტერესები. კონკრეტული მაგალითები შეგვიძლია მოვიყვანოთ, როდესაც ხდებოდა სხვადასხვა ქვეყნის ინტერესების გათვალისწინება ჩვენი ქვეყნის ინტერესების ფეხქვეშ გათელვით. 

ძალიან მძიმეა. რა შუაშია ანგარიშსწორება ოპოზიციასთან? პარლამენტში კომისია იყო შექმნილი, განისაზღვრა კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, რომლებიც  ასრულებენ სხვა ქვეყნის დავალებებს, საერთოდ არ აინტერესებთ სამშობლო და ამ ქვეყნის მომავალი. კიდევ ვიმეორებ, როდესაც გაქვს პოლიტიკოსის სტატუსი და წარმოადგენ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, პირველ რიგში, უნდა ემსახურებოდე ხალხს და არა სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს.

ეს ადამიანები კაბინეტ-კაბინეტ დარბოდნენ, რომ ქვეყანასთან ასოცირების ხელშეკრულება არ გაფორმებულიყო, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. ყველაფერს აკეთებდნენ ანტისახელმწიფოებრივსა და ანტიქართულს, შესაბამისად, ასეთი აგენტებისა და უსამშობლო ადამიანების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის და ვერ იქნება მომავალშიც“, - განაცხადა კახა კალაძემ.