თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა.

თბილისის მერიაში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული პოზიტიური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებს.

დედაქალაქის მერმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული შეხვედრა ამ საკითხში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

"ჩვენი მეგობრობა უკვე 26 საუკუნეს ითვლის. საქართველოსთვის ისრაელი ძალიან ძვირფასია და მე დარწმუნებული ვარ, თქვენ ძალიან დიდ წვლილს შეიტანთ ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებაში. მინდა, წარმატებები გისურვოთ. ჩვენ მზად ვართ ურთიერთობებისთვის. შეგიძლიათ, ნებისმიერ თემაზე პირადად მომმართოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თავის მხრივ, ისრაელის ელჩმა ვალიდ აბუ ჰაიამ კახა კალაძეს თბილისის მერად მესამე ვადით არჩევა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

"გილოცავთ არჩევნებში გამარჯვებას. დიდი სურვილი მაქვს, გამონახოთ დრო და  ეწვიოთ ისრაელს ოფიციალური ვიზიტით. დარწმუნებული ვარ, იერუსალიმის, თელავივისა და ჩვენი სხვა ქალაქების მერები ბედნიერები იქნებიან თქვენი ვიზიტით.  ვარკვირდები რა თბილისს, ვხედავ ძალიან დიდ მსგავსებას იერუსალიმთან, კულტურული და ისტორიული თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს ჩვენს ქალაქებს შორის ურთიერთობების დიდი პოტენციალი. ასევე, თელავივი არის განვითარებული, ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური ქალაქი. დარწმუნებული ვარ, თანამშრომლობისთვის ბევრ შეხების წერტილს მოვნახავთ. მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები, რადგან თბილისში თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში“, - განაცხადა ისრაელის ელჩმა.

შეხვედრაზე ორივე მხარემ გამოხატა სრული მზაობა თანამშრომლობისა და მეგობრობისთვის.