ეს, რეალურად, პასუხია ამერიკელების მხრიდან, მათ შორის კონგრესმენების და სენატორების მხრიდან, რომ საჭიროა მოქმედება იმისთვის, რომ შეაჩერონ რუსული ხელისუფლება საქართველოში და ქართველ ხალხს აღმოუჩინონ დახმარება, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ტრამპის სამშვიდობო პოლიტიკა "ოცნებისთვის" მიუღებელია.

"მამუკა მდინარაძემ რევოლუციის მოწყობაში დაადანაშაულა ტრამპის ადმინისტრაცია. მამუკა მდინარაძისთვის, მათი პატრონებისთვის მოსკოვში მთავარი ამოცანა არის ის, რომ ომი გაგრძელდეს უკრაინაში.

ტრამპის სამშვიდობო პოლიტიკა მათთვის არის მიუღებელი, მათ შორის მიუღებელია რუსეთის ფინანსური გამოფიტვა და ის საერთაშორისო სანქციები, რომელიც დაუწესდა რუსულ ნავთობკომპანიას.

ოკუპანტი აქებს ივანიშვილის რეჟიმს - მდინარაძეს, კობახიძეს და ეს, რეალურად, პასუხია ამერიკელების მხრიდან, მათ შორის კონგრესმენების და სენატორების მხრიდან, რომ საჭიროა მოქმედება იმისთვის, რომ შეაჩერონ რუსული ხელისუფლება საქართველოში და ქართველ ხალხს აღმოუჩინონ დახმარება", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

აშშ-ის სენატორებმა - ჯინ შაჰინმა, როჯერ უიკერმა, ჯონ კურტისმა და შელდონ უაითჰაუსმა, ასევე კონგრესმენებმა ჯო უილსონმა და სტივ კოენმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს ორპარტიული წერილი გაუგზავნეს, რომელშიც ადმინისტრაციას მოუწოდებენ, დაიცვას აშშ-ის ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც ქართველი ოფიციალური პირების მიერ ანტიამერიკული რიტორიკის შემაშფოთებელი ზრდის ფონზე უსამართლოდ გახდნენ სამიზნეები.