ჩვენი საქმის შეკერვაში მთავარ ფიგურანტთან გენპროკურორ გაბიტაშვილთან ერთად არანაკლები ბრალი მიუძღვის ფინანსური პოლიციის დეპარტამენტის აწ უკვე გადამდგარ ხელმძღვანელს რამიშვილს, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე წერს.

"ჩემი და ჩემი ბიზნესპარტნიორის წინააღმდეგ შეკერილი საქმის მთავარი მიზეზი იყო ამ მთავრობის მხილება!

მიუხედავად იმისა, რომ მე მკვლელმა მოსამართლემ იზა კელენჯერიძემ მომისაჯა 9 წელი და ამჟამად ვიმყოფები იძულებით შიმშილობაზე, მაინც გავაგრძელებ ამ დამნაშავე, რუსული ხელისუფლების მხილებას!

ჩვენი საქმის შეკერვაში მთავარ ფიგურანტთან გენპროკურორ გაბიტაშვილთან ერთად არანაკლები ბრალი მიუძღვის ფინანსური პოლიციის დეპარტამენტის აწ უკვე გადამდგარ ხელმძღვანელს რამიშვილს.

ჩვენი საქმის გამო რომ აუცილებლად უმკაცრესად მოგეკითხებათ სამართლებრივად, მაგას კი უნდა ხვდებოდეთ უკვე, მაგრამ მანამდე იცოდეთ, რომ ყველა იმ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციას ევროპასა და ამერიკაში უკვე მივაწოდე ინფორმაცია თუ როგორ ქმნიდა და მფარველობდა ბატონი რამიშვილი თაღლითურ ქოლ-ცენტრებს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში. ახლა ბევრისთვის კიდევ უფრო ნათელი გახდება თუ რატომ იცავთ კბილებით საზმაუს.

რამიშვილის უთხარით ვინმემ, რომ ვერ უშველის თანამდებობის დატოვება!

ქართულ საგამოძიებო უწყებებთან ამ საკითხზე არ ვაპირებ თანამშრომლობას ამ რეჟიმის პირობებში, თუმცა დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ უკეთესი და სამართლიანი საქართველოს პირობებში ჩემს საქმესთან ერთად, ამაზეც აგებთ პასუხს!", - წერს გიორგი ჩიკვაიძე.