შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ სერიოზული სანქციები დააწესონ, თუ ის უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტაზე არ დათანხმდება. ასეთი შეზღუდვები უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე ოდესმე, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში, კიტ კელოგმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის კონგრესმა უკვე მოამზადა კანონპროექტი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ. მას 70-ზე მეტმა სენატორმა დაუჭირა მხარი. შეზღუდვები შესაძლოა, პირველ რიგში, რუსეთის ცენტრალური ბანკის ან "ჩრდილოვანი ფლოტის" წინააღმდეგ იყოს მიმართული, რომელსაც რუსეთის ნავთობის უმეტესი ნაწილი საზღვარგარეთ გადააქვს.

"ჩვენ ამის შესახებ პრეზიდენტი პუტინი გავაფრთხილეთ. ეს ძალიან სერიოზულია. ეს სანქციები ძალიან სერიოზულია. ისინი უფრო მკაცრია, ვიდრე ოდესმე გვინახავს. ევროპელებიც იგივე აზრზე არიან“, - აღნიშნა კელოგმა.

სპეციალურმა წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი ძალიან მკაცრად უდგება ახალ სანქციებს. ამავდროულად, ევროპა უკრაინის მხარეს დგას.