საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ჩვენ აღარ ვართ კარგი მეგობარი და პარტნიორი, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ევროატლანტიკურ კურსს ეწინააღმდეგება.

“ჩვენი ურთიერთობები კრიზისშია, რადგან დაახლოებით, 2023 - 2024 წლების გარდამავალ პერიოდში საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ჩვენ აღარ ვართ კარგი მეგობარი და პარტნიორი. მხოლოდ ფაქტებით ვიმსჯელებთ. ჩვენი პარტნიორობა ეფუძნება საქართველოს ამბიციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ.

ქართველი ხალხი ყოველთვის გვეუბნებოდა - ჩვენ გვინდა, ვიყოთ დემოკრატია, გვინდა, ვიყოთ საბაზრო ეკონომიკა, გვინდა, ევროკავშირსა და ნატოში  გაწევრიანება და ეს კონსტიტუციაშიც კი ჩავწერეთო - სწორედ ეს არის ჩვენი პარტნიორობის საფუძველი, თუმცა საქართველოს ხელისუფლების მიერ შექმნილი ფაქტები ამ კურსს ეწინააღმდეგება“, - განაცხადა პიტერ ფიშერმა.