მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პარლამენტი გიორგი გახარიას პარტიის "გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებს მანდატებს გაუუქმებს. ამის შესახებ მდინარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

კითხვაზე, ვინაიდან გაჩნდა მოლოდინი, რომ გახარიას პარტიის წევრები შეიძლება, შესულიყვნენ პარლამენტში, თუმცა თავად აცხადებენ, რომ არ შევლენ, რას გეგმავს საპარლამენტო უმრავლესობა, გაუუქმებს მანდატებს თუ კიდევ დაუტოვებს შანსს ფიქრისთვის, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ამ კითხვაზე შეუძლია, მოკლედ და პირდაპირ უპასუხოს.

მდინარაძის თქმით, აღნიშნულს კანონმდებლობა, კერძოდ პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს და „გახარია საქართველოსთვის“ პარტიული სიიდან პირველ 12 ადამიანს, რომლებიც პარლამენტში მოხვდნენ, უფლებამოსილება შეუწყდებათ, თუმცა, მისივე განმარტებით, ვინაიდან გახარიას პარტიას სია არ აქვს ჩახსნილი, შემდეგი 12 ადამიანი, სურვილის შემთხვევაში, პარლამენტში შესვლას შეძლებს.

"ეს ის კითხვაა, რომელზეც შეიძლება, რამდენიმე სიტყვაშიც კი რაღაც იპოვონ. გავუუქმებთ. დიახ. იმიტომ, რომ, რაღაც რომ ვთქვათ – აი, მდინარაძემ ასე თქვა და ესე იგი, არ აპირებენ… გავუუქმებთ – პირდაპირ გეტყვით, მოკლედ. კანონი, ეს რეგლამენტშია. ოღონდ, ერთი მომენტია მანდ, ეს არ გაუხარდეთ ახლა, სია არ აქვთ ჩახსნილი, ის პირველი 12 ადამიანი ნამდვილად ვერ შემოვა, მათ გავუუქმებთ ანუ კიდევ უფრო ზუსტად – შევუწყვეტთ უფლებამოსილებას და შემდეგი 12 შემოვა, თუ სურვილი ექნებათ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.