დაახლოებით, მილიარდ-ნახევარი ლარის ზარალი მიიღო ეკონომიკამ მხოლოდ დღეს. საქართველო ვერ გაუძლებს იზოლაციას, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში არის ღია ტიპის ეკონომიკა, რომელიც ზეწოლას ვერ უძლებს.

"თითოეული მოქალაქე, რომელიც დღეს აქ დგას დარწმუნებულია გამარჯვებაში, იმიტომ, რომ ეს საბოლოო ჯამში ქვეყნის და თითოეული მოქალაქის გამარჯვებაა.

რაც შეეხება ეკონომიკურ საფრთხეებს, მარტო დღეს ვნახეთ განცხადება გერმანიის მთავრობის 230 მილიონი ევროს შეჩერების შესახებ და ასევე, 6 უქმე დღის გამოცხადების ე.წ. პრემიერის მხრიდან. თითო უქმე დღის გამოცხადება საქართველოს უჯდება 50 მილიონი დოლარი. დაახლოებით, მილიარდ-ნახევარი ლარის ზარალი მიიღო ეკონომიკამ მხოლოდ დღეს ამ ორი ახალი ამბით. ჩვენ საქმე გვაქვს იმ პროცესებთან, როცა საქართველო ვერ გაუძლებს იზოლაციას, ვერ გაუძლებს იმას, საითაც რეჟიმს ის მიჰყავს. საქართველოში არის ღია ტიპის ეკონომიკა, რომლის ფასს გადაიხდის საქართველოს თითოეული მოქალაქე, თუ გაიწელა თვითმარქვია ოლიგარქის რეჟიმის ჩამოშლა.

ბიზნესი დღეს დგას რუსთაველზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროტესტი გაიზარდოს და გასცდეს ბიზნესს", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.