შეერთებული შტატები არა თუ გლობალური ომის პარტიაა, რასაც რუსი ოლიგარქი და მისი მარიონეტები ქადაგებენ, არამედ მშვიდობისმყოფელია, - ამის შესახებ საქართველოს სომხური სათემო პლატფორმის თავმჯდომარემ გიორგი ტუმასიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, სომხეთისა და აზერბაიჯანის შეთანხმება არის მშვიდობის ახალი ეპოქა სამხრეთ კავკასიაში.

"საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორებს - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მყარდება მშვიდობა, დიპლომატიური ურთიერთობების ჩამოყალიბებაზეა შეთანხმება.

მოგეხსენებათ, რომ რუსეთს ძალიან უნდოდა 2020 წლის 9 ნოემბრის შეთანხმებით, რომ სწორედ რუსეთს ჰქონოდა კონტროლი ამ კომუნიკაციაზე. 9 ნოემბრის შეთანხმების არქიტექტურა, პრაქტიკულად დღეს გაუქმებულია და მხარეები უკვე 8 აგვისტოს ახალი შეთანხმებით ურთიერთობის ახალ ეტაპს იწყებენ. ეს არის მშვიდობის ახალი ეპოქა სამხრეთ კავკასიაში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენც გავიაზროთ - შეერთებული შტატები არა თუ გლობალური ომის პარტიაა, რასაც რუსი ოლიგარქი და მისი მარიონეტები ქადაგებენ,  არამედ მშვიდობისმყოფელია, რომელიც ძალიან რთულ ისტორიულ მეზობლებს შორის კეთილმეგობრულ ურთიერთობებს აყალიბებს", - განაცხადა გიორგი ტუმასიანმა. 

აშშ-ის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა "ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის” შექმნის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.