ვფიქრობ, რომ ძალიან სრულფასოვნად გაითვალისწინა კომიტეტმა ჩვენი პოზიცია, რაც ჩამოვიტანეთ ქართველი ხალხისგან, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის პროექტის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ეს არის წინასწარი დოკუმენტი და საბოლოოდ, კენჭი ხვალ ეყრება.

"აპრილამდე უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, განთავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი, დაისაჯოს სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელი, ვინც ძალადობდნენ მოქალაქეებზე. აპრილამდე ვერცერთ თანამდებობას ვერ დაიკავებს, „ქართული ოცნება“ ვერცერთ დელეგაციაში ვერ მიიღებს მონაწილეობას. უამრავი შეზღუდვები ჩამოიწერა. ვადა არის აპრილამდე. მოდი, ღიად ვთქვათ, ლეგიტიმურად არ მიიჩნევენ ამ ხელისუფლებას და აპრილამდე არჩევნები ახლიდან უნდა ჩატარდეს. ეს არის პირველი პრეცედენტი საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენი პოზიციაც ეს იყო. ასე რომ, აპრილამდე ეძლევა მათ ვადა, თუ ამას არ გააკეთებენ, მაშინ აპრილში შეუწყდება დელეგაციას უფლებამოსილება საბჭოში. ახლა სიმბოლურად ტოვებენ, რომ მოიყვანოს თანხვედრაში საქართველოში არსებული ვითარება დემოკრატიულ სისტემასთან. უნდა ვთქვათ, რომ ძალიან ბევრს ეცადა, ძალიან მოგვეხმარა თეა წულუკიანი თავისი არაადეკვატური დამოკიდებულებით, რასაც აჩვენებს ევროპაში, რასაც აჩვენებდა განსაკუთრებით კულტურის სფეროში, იუსტიციის სამინისტროში, სადაც ბევრი თანამშრომელი ამბობდა არაადეკვატური იყოო. აქ თავის თვალით დაინახა მთელმა ევროპამ ვისთან და რა ადამიანებთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა ვაშაძემ.

PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის დასკვნა გამოქვეყნდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და 2025 წლის აპრილის სესიამდე უნდა გათავისუფლდეს ყველა დაკავებული.