ვაგრძელებ მუშაობას "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციაზე, ვარ ჩვენი გუნდის წევრი და ყველა სხვა შინაარსის ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი წერს.

"დღეს, რადიკალური ოპოზიციის მიერ კონტროლირებადმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ტყუილი, თითქოს დავტოვე „ქართული ოცნება“. ამ დეზინფორმაციას აქვს ერთადერთი მიზანი - საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და გამოიწვიონ ხელოვნური აჟიოტაჟი.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ვაგრძელებ მუშაობას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციაზე, ვარ ჩვენი გუნდის წევრი და ყველა სხვა შინაარსის ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება", - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.