დღევანდელ პროცესზე გამოჩნდება ადამიანი, რომელიც შეკრავს სანქცირებულ სამეულს - პროკურატურას, სასამართლოს და თვითონ ივანიშვილს, - ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილს კითხვებზე პასუხის გაცემის ეშინია.

“დღევანდელ პროცესზე გამოჩნდება ადამიანი, რომელიც შეკრავს სანქცირებულ სამეულს - პროკურატურას, სასამართლოს და თვითონ ივანიშვილს, რომელიც რეალურად ამ პროცესის სახეა და თვითონ არის მოსამართლეც, პროკურორიც და ბრალმდებელიც. რა თქმა უნდა, ამ სასამართლო პროცესს დახურავენ იმიტომ, რომ ივანიშვილს ეშინია კითხვებზე პასუხის გაცემის. ის ყოველთვის გაურბის კითხვებზე პასუხის გაცემას“, - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში “თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც ბიძინა ივანიშვილი გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ჩვენებას დახურულ სხდომაზე დისტანციურად მისცემს. გამოძიება გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილის ბიტკოინების მითვისებას ედავება.