იუსტიციის სახლმა გადაწყვიტა, რომ აღარ გამიგრძელდეს საქართველოს მოქალაქეობა, - ამის შესახებ აბუ-დაბის ინციდენტის მონაწილე ლაშა გაბიტაშვილი ვიდეომიმართვაში აცხადებს.  

მისივე თქმით, ის აპირებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

"მინდა, გაგიზიაროთ "ქართული ოცნების" მორიგი ბოროტი გადაწყვეტილება -  მათ წამართვეს საქართველოს მოქალაქეობა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დავიბადე, გავიზარდე. იუსტიციის სახლმა გადაწყვიტა, რომ აღარ გამიგრძელდეს საქართველოს მოქალაქეობა. 

მე ისრაელის მოქალაქეობა მაქვს, რომელიც ჩემი ცოლის მხრიდან მივიღე ქორწინებით და ამის შემდეგ იუსტიციის სახლს მივმართე, რომ შენარჩუნებულიყო ჩემი მოქალაქეობა. მე უარი არ განმიცხადებია საქართველოს მოქალაქეობაზე და პირიქით, განვაცხადე, რომ მინდა შენარჩუნება, მაგრამ სამწუხაროდ, მათ უარი მითხრეს და წამართვეს მოქალაქეობა, რასაც აუცილებლად გავასაჩივრებ. 

ამ ყველაფერთან დაკავშირებით ისრაელის ელჩიც საქმის კურსშია, რაც ჩემს თავს ხდებოდა ამ ბოლო მოვლენების შემდეგ და პირადად ვაწვდი ინფორმაციას", - განაცხადა ლაშა გაბიტაშვილმა.

აბუ-დაბიში “ქართული ოცნების” დეპუტატებს ვიქტორ სანიკიძეს და ირაკლი ზარქუას და მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება 13 იანვარს მოხდა.