17 მაისის დღესასწაულს ძალიან ნაკლებად ჰქონდა დატვირთვა ოჯახის სიწმინდის. ნათლად გამოჩნდა, რომ ეს არის პოლიტიკური დატვირთვის დღე და მას სარმუნოებასთან კავშირი არ აქვს, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ განაცხადა.

მისივე თქმით, მეუფე შიომ 17 მაისის განცხადებებით ხელისუფლების ერთგულება აჩვენა.

"17 მაისის წინარე და შემდგომმა ერთმა დღემ ნათლად აჩვენა, რომ ამ დღესასწაულს ძალიან ნაკლებად ჰქონდა დატვირთვა ოჯახის სიწმინდის. ჩემთვის გაუგებარია, რას ნიშნავს ოჯახის სიმტკიცე, მტკიცე ოჯახი გამიგია, რაც შეეხება წმინდა ოჯახს, ერთია ცნობილი ამ სახელით. ნათლად გამოჩნდა, რომ ეს არის პოლიტიკური დატვირთვის დღე და მას არც ტრადიციასთან, არც სარმუნოებასთან და არც ღირებულებებთან რეალური კავშირი არ აქვს.

რა პომპეზურადაც არ უნდა აღინიშნოს 17 მაისი, რამდენი ადამიანიც არ უნდა გამოვიდეს ქუჩაში, არავის დაავიწყდება 2013 წლის 17 მაისი იმიტომ, რომ ამ დღეს, ჩვენი საზოგადოების ნაწილმა აჩვენა, როგორი ბრუტალური შეიძლება იყოს ის იმის მიმართ, ვინც განსხვავებულია.

მოსაყდრისთვის, რომელიც იყო, როგორც ჩანს, ამ დღის მთავარი ფიგურა, ეს იყო კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ თავის ერთგულება დაემტკიცებინა ხელისუფლებისათვის და ეს ძალიან მკაფიოდ გამოსჭვიოდა მის სიტყვაში, იმ გზავნილებში, რომელიც მან სამებასთან გააჟღერა. ხელისუფლებისთვის ეს იყო დემონსტრირება იმისა, რომ ისინი კვლავ მყარად არიან და მათი შიდა ლეგიტიმაციის საფუძველი - ეკლესია მათ გვერდითაა", - განაცხადა ლელა ჯეჯელავამ. 

17 მაისს საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნა.