სანქციების მიზანია არა რადიკალურად შეცვალოს პოლიტიკა, არამედ ეცადოს, ბზარები გააჩინოს, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრაღაში GLOBSEC-ის უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ პანელზე განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანაში სანქციები მუშაობს.

"რაც ხდება, არაღიარება ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ შემოიღო ინდივიდუალური სანქციები, ვინაიდან ევროკავშირს, როგორც ასეთი, კონსენსუსის არარსებობის გამო არ შეუძლია კოლექტიურ სანქციებზე შეთანხმება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანაში სანქციები მუშაობს. საქართველო არ არის ირანი, რუსეთი, არ არის ჩინეთი. ასე რომ, გარე კონტაქტები სჭირდება ბიზნესმენებს. თუნდაც მმართველ პარტიასთან იყვნენ დაკავშირებული, მაინც სჭირდებათ გარე კონტაქტები. ეს მტკივნეულია, მტკივნეულია მათთვის, მმართველ პარტიასა და მის პირველ წრეში დაძაბულობას, სისუსტეს ქმნის. სანქციების მიზანია არა რადიკალურად შეცვალოს პოლიტიკა, არამედ ეცადოს, ბზარები გააჩინოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.