შსს-ში პირველი პირის ცვლილება აუცილებლად გამოიწვევს ვერტიკალურად მის მოადგილეებში ცვლილებას, გამოიწვევს საკვანძო თანამდებობებშიც ცვლილებებს, - ამის შესახებ "ჯეოქეისის" მრჩეველმა და დაზვერვის სამსახურის ყოფილმა უფროსმა შალვა ლომიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამას აუცილებლად მოჰყვება გარკვეული ტიპის შიდა გადაადგილებები.

"შსს-ში პირველი პირის ცვლილება, განსაკუთრებით ისეთი პირის, რომელიც ამ თანამდებობაზე მრავალი წელი იყო, აუცილებლად გამოიწვევს ვერტიკალურად მის მოადგილეებში ცვლილებას, გამოიწვევს საკვანძო თანამდებობებშიც ცვლილებებს, მათ შორის ნელ-ნელა ეს თანამდებობები აისახება ქვედა თანამდებობებზეც, აუცილებლად. ამას აუცილებლად მოჰყვება გარკვეული ტიპის შიდა გადაადგილებები,  გარკვეული ტიპის შიდა ტურბულენტობა, განსაკუთრებით შსს-ში.  

შსს ერთ-ერთი საკვანძო და მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვან სეგმენტს. აქ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბატონი ვახტანგ გომელაური იყო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, შესაბამისად, ესაა თანამდებობა, რომელიც კოორდინაციას უწევს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში შემავალი ყველაზე საკვანძო და მნიშვნელოვანი საკითხის შეფასებას, გაანალიზებას. ამასთანავე, ბატონი ვახტანგი გახლდათ ვიცე პრემიერი და პასუხისმგებელი იყო უსაფრთხოების რიგ საკითხებზე.

საკმაოდ საინტერესო იყო მასთან თანამშრომლობა, ისმენდა რიგ პოზიციებს. პირადი გამოცდილებით გეტყვით, რომ მასთან თანამშრომლობა იყო საინტერესო, დიალოგი იყო ქმედითი, ობიექტური და მასთან შეიძლებოდა რიგ საკითხებზე ძალიან გულწრფელი ურთიერთობა", - განაცხადა შალვა ლომიძემ.

 


 

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვა.