დღეს მითხრა, რომ პოლიტიკაში ჩართვას აპირებს და პოლიტიკურ პროცესებში საკუთარი შესაძლებლობებით, როლით მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას, - ამის შესახებ დაკავებული ბიზნესმენის გიორგი ჩიკვაიძის ადვოკატმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ჩიკვაიძის საქმეზე მზადდება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საჩივარი და ყველა მტკიცებულება იქნება იქ წარდგენილი.

"მნიშვნელოვანი სათქმელი მაქვს და მინდა გავახმოვანო გიორგი ჩიკვაიძის თხოვნით. პირველი ეხება მის საქმეს, რომელიც არის პოლიტიკური ნიშნით დევნილი. მზადდება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საჩივარი და ყველა მტკიცებულება იქნება იქ წარდგენილი. 

გიორგი ჩიკვაიძემ ჰელსინკის კომისიას ინფორმაციები მიაწოდა და ამის გამოც არის მასზე მომატებული ინტერესი გარკვეული ზეწოლის და სხვადასხვა მეთოდების გამოყენების. მისი დაცვის და უსაფრთხოების საკითხები უნდა გავაძლიეროთ. 

რაც შეეხება მის გადაწყვეტილებას, მან დღეს მითხრა, რომ პოლიტიკაში ჩართვას აპირებს და პოლიტიკურ პროცესებში საკუთარი შესაძლებლობებით, როლით მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას. ეს არის მისი გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება მყარად მაქვს მიღებულიო",  - განაცხადა ეკა ბესელიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 9 წლითა და 8 წლის ვადით აღკვეთა მიუსაჯა.

ბიზნესმენებს გამოძიება დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას ედავება.