ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა, ივანიშვილმა რამდენჯერმე გაუშვა, დააბრუნა, ამიტომ სხვა ამპლუაშიც რომ მოგვევლინოს და სხვა მანტიაც რომ მოისხას არ გამიკვირდება, - ამის შესახებ“ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

“ეს არის თავის გადარჩენის და იმ ქონების გადარჩენის მცდელობა, რაც მოიპარა იმ წლების მანძილზე, როდესაც იყო “ქართული ოცნების” სახე და ასევე მისი ოჯახის წევრების გადარჩენის სურვილი, რომ შეეძლოთ დასავლეთში, ამერიკაში შესვლა, მოგზაურობა, სწავლა-განათლება და ცხოვრება, ეს არის რეალურად მისი პოლიტიკიდან და “ქართული ოცნების” თავმჯდომარეობიდან წასვლის მიზეზი.

ამ ადამიანს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა, ივანიშვილმა რამდენჯერმე გაუშვა, დააბრუნა, ამიტომ სხვა ამპლუაშიც რომ მოგვევლინოს და სხვა მანტიაც რომ მოისხას, ამასაც ვერ გამოვრიცხავთ. თუმცა რუსული პარტიის თავმჯდომარეობის პოსტის დატოვება ჩემი აზრით უკავშირდება მისი და მისი ოჯახის წევრების გადარჩენა იმ სასანქციო პოლიტიკიდან, რომელიც არა თუ შენარჩუნდება, არამედ გაფართოვდება. ვიცით, რომ მისი უფროსი შვილი სწავლობდა პენსილვანიის უნივერსიტეტში, რომელიც ძალიან პრესტიჟული უნივერსიტეტია აშშ-ში და ეს იყო მისი მცდელობა დაეტოვებინა შანსი თავისი შვილებისთვის, რომ ჰქონდეთ არა მხოლოდ სწავლის უფლება, არამედ ქვეყანაში შესვლის უფლებაც”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.