ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელში იმ პირთა სიას აქვეყნებს, რომლებსაც ლიეტუვა ადამიანის უფლებების დარღვევაში მათი პასუხისმგებლობის გამო სავიზო შეზღუდვებს უწესებს.

სავიზო შეზღუდვები შეეხებათ:

ბიძინა ივანიშვილს ("ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე);
ვახტანგ გომელაურს (შს მინისტრი);
იოსებ ჭელიძეს (შს მინისტრის მოადგილე 2019 წლიდან);
შალვა ბედოიძეს (შს მინისტრის მოადგილე 2021 წლიდან);
ალექსანდრე დარახველიძეს (შს მინისტრის მოადგილე 2021 წლიდან);
გიორგი ბუთხუზს (შს მინისტრის მოადგილე 2019 წლიდან);
ზვიად ხარაზიშვილს, მეტსახელით "ხარება" ( განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, 2024 წლის სექტემბრიდან სანქცირებულია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ);
მილერი ლაგაზაურს (განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე, უკვე სანქცირებულია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ);
ვაჟა სირაძეს (საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი);
თეიმურაზ კუპატაძეს (ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი);
მირზა კეზევაძეს (განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე).

ლანდსბერგისის მიერ სიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლატვიისა და ლიეტუვის მსგავს სავიზო შეზღუდვას მისი ქვეყანა საქართველოდან 11 ადამიანს უწესებს.

სიის გამოქვეყნებას წინ უსწრებდა სამი ქვეყნის: ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადება ეროვნულ დონეზე სანქციების დაწესებაზე.