დახმარებას თუ სთავაზობდა საბუთების მოწესრიგებაში, ამაში დანაშაული სად არის?! იუსტიციის სახლთან ასეთი დახმარების  შეთავაზებით ასობით ადამიანი დგას და მუშაობს. მაგრამ, ლაშა “სუსის” აგენტ-პროვოკატორი მიუგზავნეს და კამერით გადაუღეს, - ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ლაშა ცანავა მისი ძმაკაცია.

"ეს კაცი ჩემი ძმაკაცია და არც ერთ ბრძოლაში არ დავუტოვებივარ კი არა, ჩემ წინააღმდეგ "ტიტუშკის" მოქნეულ - ქვას, ხელს, ხელკეტს მის თავსა და მუშტს უშვერდა!!! სიცოცხლის ფასად მეფარებოდა ყველა ჯერზე და მხოლოდ ამიტომ მოუწყვეს პროვოკაცია!!!! 

წესიერი კაცია, მშრომელი - ოჯახი და შვილები, რომ გამოეკვება დაცვაში მუშაობდა, ღამეებს ათენებდა, მძღოლადაც მუშაობდა რიგ შემთხვევაში და შეხება ჰქონდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან... დახმარებას თუ სთავაზობდა საბუთების მოწესრიგებაში, ამაში დანაშაული სად არის?! იუსტიციის სახლთან ასეთი დახმარების შეთავაზებით ასობით ადამიანი დგას და მუშაობს, მაგრამ ლაშას “სუსის” აგენტ-პროვოკატორი მიუგზავნეს და კამერით გადაუღეს. 

საზოგადოება კარგად ხედავს ჩემ წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას - შიდა თუ გარე მტრის მიერ. არ დავიღლები და ვერც ამ ფორმით გამტეხთ!!!! 

თუ ვინმეს ჰგონია, რომ ლაშა ცანავას სახელს და გვარს დავემალები, ძალიან შემცდარა!!! ძმობა, მეგობრობა და კაცობა, უპირველეს ყოვლისა", - წერს ლევან ხაბეიშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, თაღლითობის ბრალდებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ცანავა დააკავეს.