"ქართულ ოცნებას" არ ეკადრება სასამართლოში სიარული მოწმეებად, ხოლო ოპოზიცია უნდა ატარონ, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რით არის პრივილეგირებული თეა წულუკიანი, რომ არ მივიდეს იმავე სასამართლოში.

"თუკი ჩვენ შეიძლება გვატარონ სასამართლოში იმის გამო, რომ ვითომდაც, გაუგებარი კომისიის მიწვევაზე არ მივედით, რით არის პრივილეგირებული თეა წულუკიანი, რომ არ მოვიდეს იმავე სასამართლოში?! მაგრამ ამით ხაზს უსვამენ, რომ "ქართულ ოცნებას" არ ეკადრება სასამართლოში სიარული მოწმეებად, ხოლო ოპოზიცია უნდა ატარონ და ოპოზიციის მიმართ უნდა მიმდინარეობდეს პოლიტიკური დევნა", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის პროცესი მიმდინარეობს.

იქამდე მამუკა ხაზარაძის პროცესი გაიმართა, რომელმაც სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

"მე დავტოვე სასამართლო, ამ სასამართლოში მე საქმე აღარ მაქვს, რანაირი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ, ჩემთვის აბსოლუტურად სულერთია. არის რაღაც ზღვარი, რომლის იქითაც უნდა თქვა, რომ მე ამ სპექტაკლში, ამ ცირკში მონაწილეობას არ მივიღებ, საკმარისად გაიგო საზოგადოებამ, თუ ვისთან გვაქვს საქმე, ამიტომაც ვიარე ამდენი ხანი", - განაცხადა ხაზარაძემ.