ჩვენ ველით ნებისმიერი სახის პროვოკაციას, მათ შორის დაკავებებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისა და ლიდერების მიმართ, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სუსის განცხადების მიმართ საზოგადოებას ნდობა არ აქვს.

"ჩვენ ველით ნებისმიერი სახის პროვოკაციას, მათ შორის დაკავებებს და ასე შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისა და ლიდერების მიმართ. ის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აკავებს მაშინ, როდესაც გამოცხადებულია ჩვენს თითოეულ წევრზე ნადირობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბუნებრივია, აჩენს იმ საზოგადოებრივ განწყობას და უნდობლობას სუსის განცხადების მიმართ, რაც მათ დღეს გააკეთეს", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, თაღლითობის ბრალდებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ცანავა დააკავეს.