შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული  ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.ა. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. 

დანაშაული თავისუფლების 10-დან 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1977 წელს დაბადებულ დ.ა.-ს ცივი იარაღის გამოყენებით გულმკერდისა და მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

პოლიციამ საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მ.ა. ბრალდებულის სახით დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი  – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.