მოსამართლე დაეყრდნო იმ ვიდეოჩანაწერებს, რომელიც ბათუმის პოლიციის სამმართველომ მტკიცებულების სახით წარადგინა სასამართლოში, თუმცა, არც ერთ ამ ვიდეოჩანაწერს შემხებლობა არ აქვს საქმესთან, - ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით  განაცხადა.

მისივე თქმით, ჟურნალისტური საქმიანობისა და აქტიური სამოქალაქო პოზიციისათვის მზია ამაღლობელის სამაგალითო დასჯა და ანგარიშსწორება რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს.

"ჟურნალისტური საქმიანობისა და აქტიური სამოქალაქო პოზიციისათვის მზია ამაღლობელის სამაგალითო დასჯა და ანგარიშსწორება რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს. ერთ-ერთი საქმე, რომელიც მის წინააღმდეგ სისტემამ წამოიწყო, დაკავშირებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლთან, რაც გულისხმობს პოლიციელისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას. 2025 წლის 11 იანვარს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, მზია ამაღლობელი თავდაპირველად საპროტესტო სტიკერის კედელზე გაკვრის გამო დააკავა იმ დროისათვის აჭარის პოლიციის უფროსმა, გრიგოლ ბესელიამ. თუმცა, იმის გამო, რომ სტიკერის გაკვრისთვის ადმინისტრაციული წესით დაკავების უფლებამოსილება პოლიციას არ გააჩნია, მზია ამაღლობელის დაკავების ოქმი გააყალბეს და მასში მიუთითეს, თითქოს მზია ამაღლობელმა ჩაიდინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რომლის საფუძველზეც იგი დააკავეს. მოგვიანებით, ამავე მუხლით შეადგინეს სამართალდარღვევის ოქმი და მზია ამაღლობელს დააბრალეს იმ სამართალდარღვევის ჩადენა, რაც მას არ ჩაუდენია. ეს საქმე 2025 წლის 18 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლომ განიხილა და მიიღო სრულიად დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილება. საქმის განხილვა ატარებდა ფორმალურ ხასიათს, მოსამართლემ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, მტკიცების ტვირთი გადაანაწილა არასწორად და უსაფუძვლოდ დაეყრდნო მხოლოდ პოლიციელის მიერ მიცემულ ცრუ ჩვენებას და ასევე, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის საფუძველზე შექმნილ 2 ვიდეოფაილს, რომელსაც შემხებლობა არ აქვს განსახილველ საქმესთან. კერძოდ, მოსამართლე დაეყრდნო იმ ვიდეოჩანაწერებს, რომელიც ბათუმის პოლიციის სამმართველომ მტკიცებულების სახით წარადგინა სასამართლოში, თუმცა, არც ერთ ამ ვიდეოჩანაწერს შემხებლობა არ აქვს საქმესთან", - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.