პროკურატურა სისხლის სამართლის ახალ საქმეზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს მოითხოვს, – ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა.

პროკურატურამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და ოპოზიციის ლიდერების მიმართ  სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

„ჩატარებული გამოძიების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მიხეილ სააკაშვილს ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით – საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტზე; ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს და გიორგი ვაშაძეს ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით – საბოტაჟის და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე; ელენე ხოშტარიას ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდების და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე. ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟის ფაქტზე.

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გირაოს, ხოლო სხვა ბრალდებულების მიმართ წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – განაცხადა გვარაკიძემ.