შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) და საგამოძიებო სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, ზუგდიდში მცხოვრები, 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ბ. დააკავეს. 

დანაშაული თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირისგან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონის" შემცველი გრანულები, ფხვიერი მასა და ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.