ნუთუ, არ გეუბნებათ თქვენი გონება ან გული, რომ სამშობლოს სიყვარულით გამსჭვალულებმა, არსებული უსამართლობის ზეობისგან და ხალხის ჩაგვრისგან შეძრწუნებულებმა გისაყვედურეს გულგრილობა?, - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსი ზენონ იარაჯული სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ამ ადამიანებს არაფერი აქვთ და  არაფერს ეძიებენ.

"ვთქვათ რამე გადაცდომა ან შეცდომა ჰქონდათ, ნუთუ არ გეუბნებათ თქვენი გონება ან გული, რომ სამშობლოს სიყვარულით გამსჭვალულებმა, არსებული უსამართლობის ზეობისგან და ხალხის ჩაგვრისგან შეძრწუნებულებმა გისაყვედურეს გულგრილობა. იცით, რით აღემატება ამ მოძღვრების მენტალობა თქვენს მენტალობას? მათ არაფერი აქვთ და არაფერს ეძიებენ. ყოველი ადამიანისთვის მოსულ ჯვარცმულ ქრისტეს გულწრფელად ქადაგებენ, რადგან დანამდვილებით ითავისებენ ადამიანში ქრისტეს მყოფობას. ამიტომაც ჩანს მათი სიტყვა და გულები მხნედ და შეუპოვრად“, - წერს ეპისკოპოსი ზენონ იარაჯული.

არქიმანდრიტ ილიას (თოლორაია), ეპისკოპოსის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ზოგადად ეკლესიის იერარქებისადმი ცილისმწამებლური განცხადებებისათვის, ეპარქიული კომისიის წარდგინების საფუძველზე, აეკრძალა მღვდელმოქმედების უფლება.