არიან ადამიანები, მღვდლები, ეპისკოპოსები, რომლებსაც ეპისკოპოსობას ან მღვდლობას შეუჩერებ, მისგან არაფერი დარჩება, მე რაც არ უნდა შემიჩერონ, ჩემგან დარჩება ის, რაც ვარ, - ამის შესახებ ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საპატრიარქოში მყოფი პირები რუსულ საქმეს აკეთებენ.

"მე არა თუ არ შევდივარ, მე არ შემიშვეს, ჩემი მოთხოვნები არ გაითვალისწინეს და არცერთ კანონმდებლობას, რაც არის ეკლესიური, არ ითვალისწინებენ. თუნდაც მართვა-გამგეობის დებულებაში წერია, რომ კომისიის წევრი არ უნდა იყოს დაინტერესებული პირი, კონფლიქტში მყოფი პირი დაბარებულთან და ეს ყველაფერი მათ არ გაითვალისწინეს, ისინი არ ითვალისწინებენ არც ჩვენს კანონებს, არც რჯულის კანონებს. მე უფლება მაქვს, მოვითხოვო ღია განხილვა. მე არაფერი დამალულის გამო არ ვარ დაბარებული და მე უფრო უნდა მეშინოდეს ამის გაცხადების, ვიდრე მათ, თუ ისინი მართლები არიან, უნდა უხაროდეთ, რომ პრესის წინაშე მოხდეს ჩემი გამტყუნება, რადგან მათ ხალხს უნდა განუმარტონ - რის გამო ვარ მე დამნაშავე. მე ვიცი, ისინი რაში მადანაშაულებენ, ოღონდ ამას ვერ ამბობენ. ჩემი დანაშაული არის ის, რომ მე ვამხელ რუსეთს და ვამბობ იმას, რომ საქართველო მიიტაცა ივანიშვილმა, ვამბობ იმას, რომ ივანიშვილმა გაანადგურა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და ეკლესია თავისი კრებსების გამოქვეყნებით, ვამბობ, რომ ეს მცირე ჯგუფი, რომელიც საპატრიარქოშია შესახლებული არის რუსული და ემსახურება რუსულ გეგმას. უნდათ, რომ ის ტაძარი, სადაც ერთგული, გმირი და პატრიოტი ხალხი ეზიარებიან ჩემთან, ისიც წაართვან ამ ხალხს. ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ. მე ამათ თუ დამსაჯეს, უფრო მეტი დრო მექნება, გადავერთო ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაში. ჩვენი ერი უნდა გათავისუფლდეს ამ დიდი ქოციანობის და რუსეთის მონობისგან. 

არიან ადამიანები, მღვდლები, ეპისკოპოსები, რომლებსაც ეპისკოპოსობას ან მღვდლობას შეუჩერებ, მისგან არაფერი დარჩება, მე რაც არ უნდა შემიჩერონ, ჩემგან დარჩება ის, რაც ვარ" , - განაცხადა მამა დოროთე ყურაშვილმა.

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი, რომელიც საპატრიარქოში ეპარქიული კომისიის სხდომაზე იყო დაბარებული, სხდომაზე მედიასთან ერთად არ შეუშვეს.