ყველაფერი, რაც დღეს ხდება საქართველოში, არის ერთადერთ რამესთან კავშირში, - ამის შესახებ აქტივისტმა დოდი ხარხელმა განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიციამ ჩხრეკის შემდეგ მისი სახლიდან მობილურები და სამუშაო ლეპტოპები წაიღო.

"ყველაფერი, რაც დღეს ხდება საქართველოში არის ერთადერთ რამესთან კავშირში - ნებისმიერი მიზეზი, რაც არ უნდა იყოს, ყველაფერი არის დაკავშირებული იმ პროცესებთან, რაც ახლა მიდის ქუჩაში. ეს ყველაფერი ეხება იმ არაკანონიერ გადაწყვეტილებებს, რასაც იღებს ეს ქვეყანა, დე ფაქტო ხელისუფლება და ყველანაირად ცდილობს შეინარჩუნოს თავისი სტატუსი და ყველანაირად ცდილობს, დააშინოს ყველა, ვინც ხმას იღებს. აზრი არ აქვს, რა ეწერება ნებისმიერ ოქმში, მიზეზი ყველაფრის არის ერთი - ქუჩაში რომ გაჩერებს პოლიციელი, გზის გადაკვეთაზეც, მაგის მიზეზიც არის დღეს ერთადერთი, ეს მიზეზი არის რუსეთი.

ბავშვი დავტოვე ბაღში და გამოსვლისთანავე დამადგა რამდენიმე მამაკაცი, როდესაც მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა, გადავწყვიტე ტელეფონის LIVE ჩამერთო, თუმცა ამის საშუალება არ მომცეს, წამართვეს, ხელებიც ძალადობრივად გადამიგრიხეს და მერე დავიწყე ხმაური, სიგნალის მიცემა მანქანაზე და გამვლელებისთვის თხოვნა, რომ LIVE ჩაერთოთ. ამის შემდეგ ყველაფერი მოხდა ძალიან ზრდილობიანად - იქაც, შემდეგ რომ მოვედით უშუალოდ აქ, ჩხრეკის პროცესიც და ამის ერთადერთი მიზეზი, რომ ახლა არ მაქვს დაზიანებები, არის ის, რომ ეს ყველაფერი მოხდა საჯაროდ და არის ბევრი კამერის წინ. ეს არის ერთადერთი დაცვა, რაც მოქალაქეებს ახლა გვაქვს - მაქსიმალური საჯაროობაა.

რაც შეეხება, რა წაიღეს - ყველაფერი. სადღაც გადავარდნილი, დავიწყებული ფლეშკა, მობილურები, ძველი მობილურები, მათ შორის, სამუშაო ლეპტოპები ჩემიც, ჩემი მეუღლისაც, ბავშვისაც. ჩვენ ძალიან ციფრული ოჯახი ვართ, შესაბამისად, ძალიან დიდხანს გაგრძელდა ჩხრეკა", - განაცხადა ხარხელმა.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დოდი ხარხელი დააკავეს. Facebook-ზე გავრცელდა ვიდეო, რომლის მიხედვითაც, დოდი ხარხელმა ბავშვი საბავშვო ბაღში დატოვა, შემდეგ კი ის პოლიციამ მანქანაში ჩასვა. მოგვიანებით, დოდი ხარხელი პოლიციამ სახლში მიიყვანა, სადაც საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.

შსს-ს ინფორმაციით, აქტივისტი დოდი ხარხელი არ დაუკავებიათ.