არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ იყო იმაში, რომ ხალხი შეკრებილიყო, არცერთ ნაწილში მე ბრალს არ ვაღიარებ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირაკლი ნადირაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს იყო პროტესტი რომლის მიზანსაც იზიარებდა და იზიარებს.

"ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ, რომ არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ იყო იმაში, რომ ხალხი შეკრებილიყო. არ ყოფილა არცერთი აქცია, რომელშიც მონაწილეობა არ მიმიღია. დიახ, ეს იყო პროტესტი რომლის მიზანსაც ვიზიარებდი და ვიზიარებ.

არცერთ ნაწილში მე ბრალს არ ვაღიარებ, მედავებიან სტრატეგიული ობიექტების მიტაცებას, თუ ვინმეა გასული კონსტიტუციიდან ეს არის "ოცნება", თუ ვინმეს აქვს მიტაცებული ინსტიტუტები, ესაა "ოცნება". "ოცნებაა", ვინც აორგანიზებდა ძალადობრივ ჯგუფებს და თავს ესხმოდნენ ყველას...

ფაქტიურად, ივანიშვილსა და "ქართულ ოცნებას" სურს ქვეყნის გარუსება. მაგრამ როგორც ივანიშვილის ზებრა ვერ გახდება არაბული რაში, ისე ეს ქვეყანა არ გახდება რუსული, რამდენი კანონიც არ უნდა მიიღოს. ასე რომ, მადლობა ყველა ადამიანს, ვინც იბრძვის ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის, ევროპული მომავლისთვის. ეს აქციები და წინააღმდეგობა მშვიდობიანად აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, ძალა ერთობაშია, ბრძოლა ბოლომდე“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.