აზერბაიჯანმა და სომხეთმა ვაშინგტონში გაფორმებული სამშვიდობო დეკლარაციის სრული ტექსტი გამოაქვეყნეს. დოკუმენტის ტექსტი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროების ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

როგორც დოკუმენტში აღნიშნულია, მხარეები შეთანხმდნენ, აღიარონ და პატივი სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობას და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას.

„მხარეები ადასტურებენ, რომ ყოფილი სსრკ-ის სოციალისტური რესპუბლიკების საზღვრები გახდა შესაბამისი დამოუკიდებელი სახელმწიფოების საერთაშორისო საზღვრები და აღიარებულია, როგორც ასეთად საერთაშორისო საზოგადოების მიერ, მხარეები აღიარებენ და პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო საზღვრების ხელშეუხებლობას და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ამასთან, სომხეთი და აზერბაიჯანი ადასტურებენ, რომ არ აქვთ ტერიტორიული პრეტენზიები ერთმანეთის მიმართ და არ წამოაყენებენ ასეთ პრეტენზიებს მომავალშიც.

ამასთან, მიღწეულია შეთანხმება, რომ მხარეები თავს შეიკავებენ ძალის გამოყენებისა და ძალის გამოყენების მუქარისგან, რომელიც მიმართული იქნება ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ.

ასევე, "მხარეები არ დაუშვებენ მესამე მხარის მიერ თავიანთი ტერიტორიის გამოყენებას მეორე მხარის წინააღმდეგ ძალის გამოსაყენებლად, რაც შეუთავსებელია გაეროს ორგანიზაციის წესდებასთან“.

ტექსტის მიხედვით, სომხეთი და აზერბაიჯანი თავს შეიკავებენ ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩარევისგან. ასევე, მხარეები შეთანხმდნენ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე, თუმცა დეკლარაციაში არ არის მითითებული კონკრეტული ვადა.

მხარეები ასევე თანხმდებიან, რომ გააგრძელებენ მუშაობას საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციაზე და ასევე აღნიშნულია, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი თანხმდებიან, რომ არ განალაგებენ საზღვრის გასწვრივ ნებისმიერი მესამე ქვეყნის სამხედრო ძალებს.

გარდა ამისა, პირობას დებენ, რომ "მხარეები გმობენ და იბრძოლებენ შეუწყნარებლობას, რასობრივ სიძულვილს და დისკრიმინაციას, სეპარატიზმს, ძალადობრივ ექსტრემიზმსა და ტერორიზმს მათი ყველა გამოვლინებით, თითოეული თავისი იურისდიქციის ფარგლებში“.

მხარეები ასევე იღებენ ვალდებულებას „გადაწყვიტონ უგზო-უკვლოდ დაკარგული პირებისა და ძალადობრივი გაუჩინარების საკითხები, მათ შორის ასეთ პირებზე ხელმისაწვდომი ყველა ინფორმაციის გაცვლის გზით, პირდაპირ ან, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით“.

ასევე, ტექსტში ნათქვამია, რომ „მხარეებს შეუძლიათ დადონ შეთანხმებები სხვადასხვა სფეროში, რომელიც წარმოადგენს საერთო ინტერესს, მათ შორის ეკონომიკის, სატრანზიტო-სატრანსპორტო, ეკოლოგიის, ჰუმანიტარულ და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ“.

ამავე დეკლარაციაში სომხეთი და აზერბაიჯანი პირობას დებენ, რომ უზრუნველყოფენ ამ შეთანხმების სრულად იმპლემენტაციას და შექმნიან ორმხრივ კომისიას, რომელიც ამ პროცესს მონიტორინგს გაუწევს.

ამასთან, მხარეები პირობას დებენ, რომ „ეს შეთანხმება არ შეზღუდავს მხარეების უფლებებსა და ვალდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობს საერთაშორისო სამართლიდან და ხელშეკრულებებიდან, რომლებიც დაიდო თითოეული მხარის მიერ გაეროს ორგანიზაციის სხვა წევრ სახელმწიფოებთან“.

ამასთან ერთად, „მხარეები უზრუნველყოფენ, რომ მოქმედი საერთაშორისო შეთანხმებები მათსა და ნებისმიერ მესამე მხარეს შორის არ მიაყენებს ზიანს ამ შეთანხმების მიხედვით გაწერილი ვალდებულებების შესრულებას“.

ამ შეთანხმების ძალში შესვლიდან ერთ თვეში მხარეებმა უნდა გაიწვიონ ნებისმიერი სახელმწიფოთაშორისი პრეტენზიები, საჩივრები, აპელაციები, დავები, რომლებიც შეტანილია ნებისმიერ სამართლებრივ ფორუმზე და რომლებიც ეხება ამ შეთანხმების ხელმოწერამდე არსებულ საკითხებს.

დეკლარაციაში ნათქვამია, რომ შეთანხმება ძალაში შედის იმ დღიდან, როდესაც მხარეები გაცვლიან შეტყობინებებს შიდა პროცედურების დასრულების შესახებ, რომლებსაც ითვალისწინებს ხელმომწერი ქვეყნების ეროვნული კანონმდებლობა.

დოკუმენტს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა 8 აგვისტოს თეთრ სახლში მოაწერეს ხელი.