აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ორ კვირაში გაიგებს, ცდილობს თუ არა ვლადიმერ პუტინი მის მოტყუებას ომის დასრულების შესახებ.

"ჩვენ გავარკვევთ, ცდილობს თუ არა ის ჩვენს მოტყუებას. და თუ ასეა, ჩვენ ცოტა განსხვავებულად ვუპასუხებთ. თუმცა, ამას დაახლოებით კვირა-ნახევარი ან ორი კვირა დასჭირდება. ჩვენ გვყავს ბატონი უიტკოფი, რომელიც ამჟამად ფენომენალურ სამუშაოს ასრულებს და ძალიან ბევრს მუშაობს მათთან. როგორც ჩანს, მათ რაღაცის გაკეთება სურთ, მაგრამ სანამ დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ, ვერაფერს გეტყვით“, - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამავდროულად, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ "ძალიან იმედგაცრუებულია“ უკრაინის მასიური დაბომბვით, რომელიც შაბათ-კვირას მოხდა.

"შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც რამდენიმე ღამის წინ მოხდა, როდესაც ხალხი დაიღუპა იმ დროს, რასაც თქვენ მოლაპარაკებებს უწოდებთ. მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ ამით. ძალიან, ძალიან იმედგაცრუებული“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

გასულ შაბათ-კვირას, ზედიზედ სამი ღამის განმავლობაში, რუსეთმა მასიური თავდასხმა განახორციელა უკრაინის ტერიტორიაზე სხვადასხვა შეიარაღებით, ტრამპს თავიდან კომენტარი არ გაუკეთებია რუსების დარტყმებზე, შემდეგ კი განაცხადა, რომ "პუტინი გაგიჟდა".

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ აშშ ნამდვილად განიხილავს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობას. კრემლმა კი საპასუხოდ განაცხადა, რომ ასეთი განცხადება გამოწვეული იყო ამერიკის პრეზიდენტის ემოციური გადატვირთვით.

შემდეგ ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა პუტინი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების გაჭიანურების გამო და რუსეთს "ძალიან ცუდი რაღაცებით“ დაემუქრა.