უკრაინის თავდაცვის ძალებმა კურსკის რეგიონში რუსეთის არმიის 448-ე სარაკეტო ბრიგადის მუდმივი განლაგების პუნქტი გაანადგურეს. სწორედ ამ ბრიგადამ განახორციელა სარაკეტო შეტევა ქალაქ სუმზე 13 აპრილს, ბზობის კვირას, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გენერალური შტაბის ცნობით, უპილოტო სისტემების ძალების, სპეციალური ოპერაციების ძალების და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ქვედანაყოფები, უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტებთან თანამშრომლობით, თავს დაესხნენ კურსკის ოლქში არსებულ უამრავ ობიექტს.

ეს ობიექტები დაკავშირებულია რუსებთან, რომლებიც მონაწილეობდნენ 2025 წლის 13 აპრილს ქალაქ სუმზე სარაკეტო თავდასხმასა და სხვა სამხედრო დანაშაულებებში უკრაინის ხალხის წინააღმდეგ.

დარტყმა მოხდა რუსი ოკუპანტების 448-ე სარაკეტო ბრიგადის მუდმივი განლაგების პუნქტზე და დაფიქსირდა საბრძოლო მასალის მეორადი აფეთქება. შედეგები ამ დროისთვის ზუსტდება.

"ყველა რუსული სამხედრო ნაწილი, დივიზია და მათი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ახორციელებენ უკრაინის მშვიდობიანი ქალაქებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას, იქნება გამოვლენილი და აუცილებლად მიიღებს პასუხს“, - აღნიშნულია გენერალური შტაბის განცხადებაში.