უკრაინის არმია რუსეთის კურსკის და ბელგოროდის ოლქებში აქტიურ თავდაცვით ოპერაციებს აგრძელებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ მოხსენება წარადგინა და ბევრი მიმართულებით ვითარება კვლავ რთული რჩება - მხოლოდ დღის შუა პერიოდისთვის ფრონტზე უკრაინულ პოზიციებზე უკვე თითქმის 70 თავდასხმა იყო განხორციელებული, ბრძოლები და მტრის თავდასხმის მცდელობები გრძელდება.

"ბრძოლების უმეტესობა პოკროვსკის, კრამატორსკის, ლიმანის და კურსკის მიმართულებით მიმდინარეობს. ჩვენი სამხედროები აგრძელებენ აქტიურ თავდაცვით მოქმედებებს კურსკის და ბელგოროდის ოლქების გარკვეულ რაიონებში“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ფრონტზე არსებული ვითარება და რუსული არმიის რეალური აქტივობა ადასტურებს, რომ მსოფლიო მხრიდან რუსეთზე უკრაინაში ომის შესაჩერებლად არსებული ზეწოლა საკმარისი არ არის.

"მალე ორმოცდაათი დღე გავა მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ უარყო შეერთებული შტატების წინადადება სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. უკრაინამ ეს წინადადება 11 მარტს მიიღო. რეალური დიპლომატიისთვის მეტი შესაძლებლობების მისაცემად რუსეთზე უფრო ხელშესახები ზეწოლაა საჭირო. მადლობა ყველას მსოფლიოში, ვინც უკრაინის გვერდითაა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა ვლადიმერ პუტინს 26 აპრილს "კურსკის ოლქის განთავისუფლების ოპერაციის დასრულების" შესახებ მოახსენა.

მისი თქმით, 26 აპრილს, რუსეთის ჯარებმა დაიკავეს რეგიონში ბოლო დასახლებული ადგილი - უკრაინის საზღვართან მდებარე სოფელი გორნალი. თუმცა, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გუშინვე უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციაში სურვილებს რეალობად წარმოაჩენენ.

გავრცელებული ინფორმაციით, როგორც ვლადიმერ ზელენსკიმ უკვე დაადასტურა, კურსკში ბრძოლები გრძელდება.