დედაქალაქის მერიამ ავტოფარეხების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, 2 000-მდე უსახური ავტოფარეხის ნაცვლად, 100-მდე ახალი სკვერი მოაწყო.

როგორც თბილისის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ თბილისის ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შეჯამებისას აღნიშნა, უსახური ავტოფარეხების ჩანაცვლება მომავალშიც გაგრძელდება.

"ჩვენ 2 000-მდე უსახური ავტოფარეხის ნაცვლად რომ 100-მდე სკვერი მოვაწყვეთ, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ქალაქისთვის, ისე ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის. ყველას დიდი მადლობა, ვინც გვენდო. არ იყო მარტივი პროცესი. მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა დიდი სამუშაო გასწიეს მოსახლეობის დასარწმუნებლად. ამ მიმართულებით მუშაობას აქტიურად გავაგრძელებთ მომავალშიც, რომ მსგავსი უსახური ავტოფარეხების პრობლემა მოვაგვაროთ“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ჩუღურეთში 20 ავტოფარეხის სანაცვლოდ მოეწყო 2 სკვერი; ნაძალადევში - 65 ავტოფარეხის სანაცვლოდ 2 სკვერი; დიდუბე - 308 ავტოფარეხის სანაცვლოდ 13 სკვერი და  იგეგმება 4 სკვერისა და ერთი სტადიონის მოწყობა; საბურთალო - 350 ავტოფარეხის სანაცვლოდ 10 სკვერი; ვაკე  - 49 ავტოფარეხის სანაცვლოდ 4 სკვერი; სამგორი - 578 ავტოფარეხის სანაცვლოდ 15 სკვერი; გლდანი - 210 ავტოფარეხის სანაცვლოდ 21 სკვერი; კრწანისი - 5 ავტოფარეხის სანაცვლოდ 2 სკვერი; ხოლო ისანში 83 ავტოფარეხის სანაცვლოდ მოეწყო 12 სკვერი.

ამასთან, ვიცე-მერმა რეკრეაციული სივრცეების/განვითარების მიზნით, უძრავი ქონების გამოსყიდვის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტმა არაერთი პროექტი განახორციელა და მოსახლეობას რეკრეაციული სივრცეები დაუბრუნა.

"რეკრეაციული სივრცეების შენარჩუნება და განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. 2017 წლიდან დღემდე, არ გაიცემა არცერთი სამშენებლო ნებართვა რეკრეაციული სივრცის ხარჯზე. უკვე 48 მესაკუთრისგან არის გამოსყიდული სხვადასხვა მიწის ნაკვეთი. მუნიციპალიტეტმა არაერთი რეკრეაციული სივრცე მოაწყო მსგავს ტერიტორიაზე“,  - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ბოლო წლების განმავლობაში, გამწვანებული ტერიტორიების, არსებული ან სამომავლო განვითარებით გათვალისწინებული სკვერის და სპორტული მოედნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მიღების მიზნით, 48 მესაკუთრესთან განხორციელდა 54 მიწის ნაკვეთის მონაცვლეობა/გამოსყიდვა.

ჯამური ფართობი 115 000 კვ.მ-ია, ხოლო ჯამური ღირებულება 116 550 000 ლარი.