ჩვენ მიერ მოთხოვნილი სამართლებრივი ფინანსური დოკუმენტაცია არ ცდება საკანონმდებლო უფლებამოსილების ფარგლებს, მიმართულია მხოლოდ გრანტების მიმღები, ან პოლიტიკური აქტივობის მქონე ორგანიზაციების საქმიანობის მიზნობრიობის შესწავლისკენ, - ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბიუროს მიზანია, ამხილოს ყველა ის NGO, რომელიც თავს არიდებს გამჭვირვალობას და ცდილობს, განახორციელოს არადეკლარირებული პოლიტიკური საქმიანობა.

"მოგახსენებთ, ანტიკორუფციული ბიურო კანონმდებლობით მინიჭებული მანდატის ფარგლებში ახორციელებს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების, საარჩევნო სუბიექტებისა და გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს საქართველოს კანონის "ფარას" აღსრულების მიზნით სათანადო ღონისძიებებს, ასევე, ვახორციელებთ გრანტების თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების, ასევე მიზნობრივად გამოყენების მონიტორინგს. 

კანონის უზენაესობისა და აღსრულების პროცესში ბიურო უფლებამოსილია, გამოითხოვოს საჭირო ფინანსური და სამართლებრივი დოკუმენტაცია. დღის განმავლობაში რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენელთა მიერ მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს, ბიურო სასამართლოს ბრძანების საფუძველზე მათი ორგანიზაციებისაგან არამიზნობრივად ითხოვს პირადი და პროფესიული საიდუმლოების ამსახველ დოკუმენტაციას. აღნიშნულთან დაკავშირებით მინდა, საზოგადოებას მივაწოდო სრულყოფილი ინფორმაცია - ვაცხადებ, რომ კანონის უზენაესობა და მისი აღსრულება არის ბიუროს უმთავრესი პრიორიტეტი. ჩვენ მიერ მოთხოვნილი სამართლებრივი ფინანსური და სამართლებრივი დოკუმენტაცია არ ცდება საკანონმდებლო უფლებამოსილების ფარგლებს, მიმართულია მხოლოდ გრანტების მიმღები, ან პოლიტიკური აქტივობის მქონე ორგანიზაციების საქმიანობის მიზნობრიობის შესწავლისკენ. ამ პროცესში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სრულად იქნება უზრუნველყოფილი პროფესიული თუ პერსონალური ინფორმაციის დაცულობა.

მიგვაჩნია, რომ არსებული დეზინფორმაციული კამპანია ემსახურება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და მიზნად ისახავს გამჭვირვალობისკენ მიმართული კანონმდებლობისა და სამართლებრივი პროცესის დისკრედიტაციას. 

პოლიტიკური პროცესების გამჭვირვალობა არის ბიუროს ერთ-ერთი პრიორიტეტი და ჩვენი საქმიანობა კვლავაც მიმართული იქნება იმ ორგანიზაციების გამოვლენისკენ, რომელთა აქტივობები არ შეესაბამება დეკლარირებულ მიზნებს, რომლებიც ფარულად ეწევიან პოლიტიკურ საქმიანობას. ჩვენი მიზანია, საქართველოს მოსახლეობას ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია პოლიტიკური აქტორების ფუნქციონირების შესახებ, რათა საზოგადოებას გააჩნდეს ინფორმირებული არჩევანის შესაძლებლობა.

ასევე,  ვადასტურებთ, რომ ბიუროს საქმიანობა არის ღია. დაინტერესებულ ნებისმიერ პირს შეუძლია მოგვმართოს თანამშრომლობისთვის და ამის მაგალითი იყო საინფორმაციო კამპანია, რომელიც აწარმოვა ანტიკორუფციულმა ბიურომ, როგორც ახალი კანონების იმპლემენტაციასთან, ასევე ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებით. 

ვინაიდან, მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია უკვე სცდება საქართველოს ფარგლებს და მიზნად ისახავს ავტორიტეტულ საერთაშორისო ინსტიტუტებში არასწორი ინფორმაციის გავრცელებას, ამიერიდან ბიურო გააგრძელებს და უშუალო კომუნიკაცია ექნება ყველა ამ საერთაშორისო ორგანიზაციას, მათ შორის აკრედიტებულ დიპლომატების წარმომადგენლებთან და ამ სამართლებრივ პროცესთან დაკავშირებით ჩვენ უშუალოდ მათ მივაწვდით ინფორმაციებს, რათა არ მოხდეს აღნიშნული პროცესის დისკრედიტაცია. 

ბოლოს მინდა განვაცხადო  შემდეგი რამ -  ძალიან ბევრი წლები საქართველოში საერთაშორისო დონორი და კეთილსინდისიერი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ უამრავი წარმატებული და მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა. სამწუხაროა, რომ ამ კეთილ საქმეებს ამოფარებული მდიდარი NGO სეგმენტის წარმომადგენლები ცდილობენ, თავი აარიდონ გამჭვირვალობას და განახორციელონ არადეკლარირებული პოლიტიკური საქმიანობა. ბიუროს მიზანია კვლავაც ვამხილოთ აღნიშნული ორგანიზაციები თუ ფიზიკური პირები, მივცეთ  მოქალაქეებს ინფორმაცია მათ საქმიანობასთან დაკავშირებით. ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით ბიურო ყველა ინფორმაციას გახდის ხელმისაწვდომს დაინტერესებულ ნებისმიერ მხარესთან", - განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.