აბანოთუბანში ნოვრუზ ბაირამთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს.

ფესტივალს დედაქალაქის მერი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და ხუთი საელჩოს წარმომადგენელთან ერთად დაესწრო.

კახა კალაძემ შეკრებილ საზოგადოებას და მუსლიმ თანამოქალაქეებს ნოვრუზის დღესასწაული მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"მინდა მივულოცო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს აღნიშნავს ნოვრუზ ბაირამს. ეს არის განახლების, სიკეთის, სიხარულის დღესასწაული. ჩვენ ყველამ ერთმანეთს უნდა ვუსურვოთ სიხარული, სიყვარული და სიკეთე.

მე, როგორც თბილისის მერი, როგორც ამ ულამაზეს ქალაქში მცხოვრები ადამიანი, ძალიან ამაყი ვარ, რომ სხვადასხვა ეროვნების, მრწამსის ადამიანები საუკუნეებია უვლიან, ალამაზებენ და სიყვარულით ეპყრობიან ჩვენს თბილისს. ეს არის ჩვენი სიმდიდრე, ჩვენი ქალაქის მრავალფეროვნება და რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის ის, რომ ჩვენ ყოველწლიურად ერთად  აღვნიშნავთ ნოვრუზ ბაირამს და ეს მომავალშიც გაგრძელდება.

კიდევ ერთხელ გილოცავთ! სიკეთეს, სიხარულს, ბედნიერებასა და მშვიდობას გისურვებთ, როგორც თქვენ, ასევე მთელ მსოფლიოს“, - განაცხადა კალაძემ.

ნოვრუზ ბაირამის ფესტივალი ყოველწლიურად აღინიშნება. ღონისძიების ფარგლებში, აბანოთუბანში გაიმართა ერთ-ერთი მთავარი ტრადიციული ცერემონია - კოცონის დანთება. მოწყობილია აზერბაიჯანის, ყაზახეთის, თურქმენეთის, თურქეთისა და ირანის საელჩოების მიერ მოწყობილი სტენდები, სადაც წარმოდგენილია ნოვრუზის ტრადიციები და კულტურა. ასევე, დამთვალიერებლებისთვის დღის განმავლობაში  წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სპორტული საბრძოლო ხელოვნება, ცეკვები, მუსიკალური ნომრები.