ნიკა მელია მორიგ ჯერზე პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლია, რომელიც განსაკუთრებული კრიმინალური ფორმით გაიტაცეს, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, რეპრესიებს მაშინ აქვს აზრი, როცა შენ შეგიძლია, ადამიანი გატეხო.

"ბუნებრივია, ნიკა მელია მორიგ ჯერზე პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლია, რომელიც განსაკუთრებული კრიმინალური ფორმით გაიტაცეს და ამას ერქვა მხოლოდ და მხოლოდ გატაცება.

რეპრესიებს აქვს აზრი, როცა შენ შეგიძლია, ადამიანი გატეხო, როდესაც შეგიძლია შეაშინო ციხეში ჩაჯდომით. ყველას ახსოვდეს, რომ ნიკა გვარამია, ნიკა მელია და ზურა ჯაფარიძე თავისი პრინციპული გადაწყვეტილებით წავიდნენ ციხეში, ამიტომ, სისტემას არაფერი გამოუვა - არც მათი დაშინება, არც პოლიტიკური პოზიციისა და ბრძოლის ცვლილება. ამასთანავე მინდა საზოგადოებას და ჩვენს ბიჭებს ვუთხრა ციხეში, რომლებიც, იმედია, გვისმენენ, რომ 23-ის კვირაში ჩანიშნულია დებატები, რომელზეც ცალკე ნიკას, ნიკას და ზურას საკითხი განიხილება, ჩვენ ყველა ინფორმაცია მიწოდებული გვაქვს და ჩვენი დელეგაციაც წარმოდგენილი იქნება", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას პროკურატურამ მოსამართლის შეურაცხყოფის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 2 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.