კონკრეტულ საქმეზე საუბარს აზრი არ აქვს, ბოლო წლების განმავლობაში, ე.წ. ხელისუფლება რასაც ჩადის, ყველაფერი არის უკანონო, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ბრალის წარდგენის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, რაც უფრო გაიზრდება ინტენსივობა ივანიშვილის მხრიდან რეპრესიული ნაბიჯების გადადგმისა, მით უფრო ახლოს იქნება ქართველი ხალხი ცვლილებებთან. 

"რაც უფრო გაიზრდება ინტენსივობა ივანიშვილის მხრიდან რეპრესიული ნაბიჯების გადადგმისა, მით უფრო ახლოს იქნება ქართველი ხალხი ცვლილებებთან.  

რაც შეეხება კონკრეტულ საქმეს, ამაზე საუბარს აზრი არ აქვს, ბოლო წლების განმავლობაში, ე.წ. ხელისუფლება რასაც ჩადის, ყველაფერი არის უკანონო და ყველა ის ადამიანია, ვინც უკანასკნელი თვეებია, ჩაერთნენ რეჟიმის წინააღმდეგ მშვიდობიან ბრძოლაში, რა თქმა უნდა, მათი გზები გადის დრო და დრო ე.წ. პროკურატურაზე, ე.წ. სასამართლოზე და ციხის საკნებზე. 

ეს ყველაფერი არის დროებითი.  არ შემიძლია, საზოგადოებას არ ვუთხრა ის, რისიც მჯერა. მე მჯერა, რომ საზოგადოება გაიმარჯვებს ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში. შეუძლებელია, მილიარდერმა ადამიანმა, რაც არ უნდა მხარდაჭერით იყოს ის წარმოდგენილი მტრულად განწყობილი სახელმწიფოსი, აჯობოს ქართველ ხალხს, ვინაიდან, ჩვენთვის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და თავისუფლება არის უმნიშვნელოვანესი", - განაცხადა ნიკა მელიამ.

"კოალიცია ცვლილებებისთვის"  ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას პროკურატურამ ბრალი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო წარუდგინა.