"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი 8 მაისს, 13:00 საათზე გაგრძელდება.

დღევანდელ პროცესზე პროკურატურის ორი მოწმე -  ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია უნდა დაკითხულიყვნენ. 

გამომდინარე იქიდან, რომ გრიგოლ ბესელიას დაკითხვა დიდხანს გაგრძელდა, დღევანდელ პროცესზე ირაკლი დგებუაძე ვერ დაიკითხა.

მზია ამაღლობელი ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 11-12 იანვრის ღამეს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს, რამდენიმე წუთში კი უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.