როგორ ცინიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, თუ რამე დააბრუნებს "ნაციონალურ მოძრაობას" ხელისუფლებაში სწორედ ტელეკომპანია "იმედია", ისევე როგორც, მეტ წილად ჩვენს მიერ წარმოებულმა არასწორმა მედია პოლიტიკამ მოიყვანა ივანიშვილი ხელისუფლებაში, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიგი უგულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოების პოლარიზაციას ძალაუფლების ხელში მედიის პროპაგანდის იარაღად ქცევა იწვევს.

"როგორ ცინიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, თუ რამე დააბრუნებს "ნაციონალურ მოძრაობას"  ხელისუფლებაში სწორედ ტელეკომპანია "იმედია". ისევე როგორც მეტ წილად ჩვენს მიერ წარმოებულმა არასწორმა მედია პოლიტიკამ მოიყვანა ივანიშვილი ხელისუფლებაში. ისევე როგორც მემარცხენე მედიის გიჟურმა ისტერიამ დააბრუნა ტრამპი ოვალურ ოფისში. მაგალითები უამრავია და შორს წაგვიყვანს.  

ვერცერთი პოლიციელი ვერ გაბედავს მოქალაქისთვის ცხვირ-პირის დამტვრევას, მოსამართლე თეთრზე შავის თქმას, ბიუროკრატი - უსისხლძარღვო უტიფრობას, სახლში მისულს იმედისმაგვარი რომ არ ეგულებოდეს, სადაც ჩართავს და დაინახავს მისი უკანონობის "გაპრავებას" და მისგან დაჩაგრული ადამიანის კიდევ უფრო გათელვას. 
ენით [სიტყვით] დაკოდილი - გაგიგიათ ალბათ, გამოთქმა. რომ არა ხელისუფლების ხელში ასეთი კოლექტიური იმედი, ძალაუფლების ერთ ხელში თავმოყრა ვერ მოხერხდებოდა. საზოგადოების პოლარიზაციას ძალაუფლების ხელში მედიის პროპაგანდის იარაღად ქცევა იწვევს. როცა ეს ძალაუფლება ემხობა სწორედ რომ მისგან რადიკალურად დაპირისპირებული მეორე პოლუსი იღებს ძალაუფლებას.

დიახ, ასეა თუ "ქოცი" დაემხო, "ნაცი" მოვა ხელისუფლებაში. ნაცი არა აუცილებლად პარტიული გაგებით ან კონკრეტული ადამიანებით, ვინც ამ პარტიას განვასახიერებთ, არამედ როგორც არსებული რეჟიმის აბსოლუტურად საპირისპირო, თუნდაც სხვა სახელით და სახეებით. აქ მე არ ვსაუბრობ რაა კარგი და რა ცუდი. და არც ტოლობის ნიშანს ვსვამ. ვსაუბრობ მოვლენების განვითარების კანონზომიერებაზე. ივანიშვილზე საშინელება ვერ მოვა, რადგან ივანიშვილი რუსია. ივანიშვილს მოვიშორებთ, მაგრამ ინფორმაციული მოწამვლის პრობლემა კვლავ იარსებებს
ეს ყველაფერი ირაკლი რუხაძემ და სხვებმა, ვინც დღეს ივანიშვილის რეჟიმის ატლანტებს წარმოადგენენ კარგად იციან. ზოგი ტვინით ხვდება, ზოგიც კანით გრძნობს. უბრალოდ, ისინი ტუტსის ტომის ლოგიკით ცხოვრობენ. ბოროტებაა, როცა შენ გაოხრებენ, სიკეთე - როცა შენ აოხრებ. აი ამ ტრაიბალიატური ინსტინქტის ძრავია იმედი

"მე ახლა რასაც ვიტყვი, ამას ვერ დავამტკიცებ მათემატიკურად და შეიძლება, არც არის მართალი, მაგრამ მე სულ ვიძახი, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ რომ არ იყოს, მე ჩაციკლული ვარ ნაციონალურ მოძრაობაზე, იმედი სხვანაირი იქნებოდა და მაშინ მე ნაკლებად მექნებოდა პრობლემა ალბათ, შენახვისაც და ალბათ, გადაცემისაც ვინმესთვის(რუხაძე)“ , - წერს გიგი უგულავა.