საქართველოს გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის დელეგაცია ეწვევა. ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.

ვიზიტი 2-დან 5 მაისის ჩათვლით გაიმართება. დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს იუსტიციისა და ეკონომიკის მინისტრებთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან.

ასევე, დელეგაციის წევრები შეხვდებიან სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს.

"ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს იუსტიციის მინისტრ, ბატონ რატი ბრეგაძესთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ, ბატონ ლევან დავითაშვილთან, ასვე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბატონ თეიმურაზ ჯანჯალიასთან. დელეგაცია შეხვდება ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს და სხვადასხვა კომიტეტების თავმჯდომარეებს.

პროგრამაში არის ასევე შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველომ 2022 წლის მარტში განაცხადი შეიტანა ევროკავშირში გაწევრიანებაზე და 2022 წლის ივნისში მიიღო ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა, შეხვედრების თემები იქნება აუცილებელი რეფორმების გატარება, ურთიერთობების გაფართოება და თანამშრომლობა ევროკავშირთან და გერმანიასთან. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე საუბარი შეეხება ასევე საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხთა შეთანხმებასა და რეგიონში ომით გამოწვეულ შედეგებს, ასევე გეოპოლიტიკურ საკითხებს," - აცხადებენ საელჩოში.

დელეგაციის წევრები იქნებიან: კრისტიან პეტრი (სოციალ-დემოკრატიული პარტია, დელეგაციის ხელმძღვანელი), რალფ ბრინკჰაუსი (ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი), მიხაელ ზახერი (კავშირი 90/ მწვანეები), თომას ჰაკერი (თავისუფალ დემოკრატთა პარტია) და ჰარალდ ვაიელი (ალტერნატივა გერმანიისთვის).