შსს-ში მოვიდა რუსეთის მოქალაქეების სია, რომლის შემოსვლაც იყო დაგეგმილი. 10 თუ 12 კაცი და ბევრად უფრო ოდიოზური გვარები იყო, ვიდრე გავრილოვი. ჩვენ ვთქვით, რომ ამას არ ვუშვებთ, ატყდა ერთი ამბავი, პარლამენტიდან რეკვები, თხოვნები, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ საგამოძიებო კომისიაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მაშინ პარლამენტის ხელმძღვანელობამ აიღო კონკრეტულად პასუხისმგებლობა, ეს პარლამენტის ხელმძღვანელობა კი იყო კობახიძე.

"როდესაც ამ ღონისძიების საქართველოში ჩატარება იგეგმებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროში მოვიდა რუსეთის მოქალაქეების სია, რომლის შემოსვლაც იყო დაგეგმილი. მაშინ ჩვენ -  შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ისევე როგორც სუსმა კატეგორიული უარი განვაცხადეთ ამ ხალხის შემოსვლაზე. იქ იყო დაახლოებით 10 თუ 12 კაცი და ბევრად უფრო ოდიოზური გვარები იყო, ვიდრე გავრილოვი. ეს ხალხი იყო ყველა „დაბრაკული“. მათ ნაწილს ჰქონდა კანონი დარღვეული, ამ ვაჟბატონს არ ჰქონდა კანონი დარღვეული, მაგრამ ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ეს კაცი არ შემოგვეშვა.

ჩვენ ვთქვით, რომ ამას არ ვუშვებთ, ატყდა ერთი ამბავი, პარლამენტიდან რეკვები, თხოვნები. ამ ხალხის შემოსვლაზე კატეგორიულად განვაცხადეთ უარი. ამის შემდეგ იმდენად დეტალებში ვიყავით შესული ამ საკითხში, რადგან ეს მართლა სერიოზული რისკი იყო მაშინ პარლამენტის ხელმძღვანელობამ აიღო კონკრეტულად პასუხისმგებლობა. ეს პარლამენტის ხელმძღვანელობა იყო კობახიძე. თქვენ კი იძახით ქვეყნის გარეთ იყოო, მაგრამ ღვინოს მე ვსვამდი კაცო გავრილოვთან? მე ჩავსვი გავრილოვი პარლამენტის სავარძელში? ეს ღონისძიება იყო საერთაშორისო და ამით დაგვიწყეს შანტაჟი, რომ საერთაშორისო სკანდალში გაეხვევა ქვეყანაო და გინდა თუ არა, უნდა შემოვიყვანოთო. მაინც კატეგორიულ წინააღმდეგი ვიყავით. მერე თქვეს, რომ ვიღაცა სხვა იქნებოდა ამ კონფერენციის ხელმძღვანელი. ამის შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა. ამათ საღამოს მოუწყვეს ის რაღაცა რესტორანში ქეიფი, ღვინო დალიეს, ჭიქები უჭახუნეს, დასხდნენ  თვითმფრინავში და წავიდნენ. ეს იყო სიმართლე და რეალობა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარეს გიორგი გახარიას 20 ივნისის საქმეზე უსმენენ.