"ბოლო წლების დაპირება იყო 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანა და ეს შესრულებულია“, - ამის შესახებ ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შეჯამებისას განაცხადა.

გიორგი ტყემალაძემ საზოგადოებას წარუდგინა ბოლო წლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესების მიმართულებით განხორციელებული პროექტები.

"ჩვენ თავიდანვე დავაანონსეთ, რომ დედაქალაქს 10 სატრანსპორტო დერეფანი ექნებოდა და დღეს ეს ყველაფერი დასრულებულია. გვაქვს შესაძლებლობა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი დავაკავშიროთ ყველა დიდ გამზირს. ეს არეალი კრავს ყველა რაიონს ერთმანეთთან. საუბარია 12 და 18-მეტრიან ავტობუსებზე, რომლებიც კიდევ უფრო კომფორტს ქმნის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლისთვის. წლების წინ გვქონდა ამბიცია, თუმცა იყო გარკვეული შიშებიც, რამდენად შესაძლებელი იქნებოდა ავტობუსების პარკის განახლება. დღეს კი უკვე რეალობაა და 900-ზე მეტი ახალი ავტობუსი გვყავს. ასევე, ბოლო წლების დაპირება იყო 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანა და ესეც შესრულებულია. ასევე, გვაქვს მიკროავტობუსების განახლებული პარკი“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

რაც შეეხება მეტროპოლიტენის რეაბილიტაციას, მეტროს დაემატა 27 ერთეული ვაგონი;

კაპიტალურად შეკეთდა 138 ერთეული ვაგონი; რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია ჩაუტარდა მეტროსადგურებს "გოცირიძე“ და „ავლაბარი“; გაფორმდა ხელშეკრულება 12 მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების კონცეპტუალური პროექტის მოსამზადებლად.

ვიცე-მერის თქმით, უახლოეს მომავალში გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება და მეტროს 111 ერთეული ახალი ვაგონი დაემატება.

ამასთან, გიორგი ტყემალაძემ ისაუბრა ინტეგრირებული ტარიფისა და უფასო სამგზავრო აბონემენტის პროექტზეც, რომელიც მუნიციპალიტეტმა განახორციელა.

'საკმაოდ მნიშვნელოვანია ინტეგრირებული სატარიფო სისტემის დანერგვა, რაც ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადახდის ერთ აბონემენტში გაერთიანებას გულისხმობს. მთაწმინდის საბაგირო არის ჩვენი ქალაქის ისტორიის ნაწილი და სავიზიტო ბარათი. დღეს უკვე საბაგიროც ინტეგრირებულია სატრანსპორტო სქემაში და ესეც მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა.