ეს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია ნასამართლევია, დაახლოებით 19 წლის წინ სამსახურებრივ დანაშაულზე, -  ამის შესახებ ნიკა გვარამიას ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს მოსამართლე იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილებების ბრმა და უსიტყვო შემსრულებელი.

"ჩვენთვის ხელმისაწვდომია ინფორმაცია, რომ ეს მოსამართლე ნასამართლევია, დაახლოებით 19 წლის წინ სამსახურებრივ დანაშაულზე და ბუნებრივია, ასეთი კადრი სასამართლოსთვის არის იდეალური იმიტომ, რომ მას მინიმალური საშუალებაც კი არ ექნება წინააღმდეგობის გაწევის და იქნება ბრმა და უსიტყვო აღმსრულებელი.

გვითხრეს, რომ ჯერ მიიყვანენ პოლიციის სამმართველოში რუსთავში და მერე მოათავსებენ ციხეში. დამატებითი ინფორმაცია არ არის ჩვენთვის ცნობილი, ალბათ, გარკვეული დრო დასჭირდება სამმართველოში დოკუმენტაციის შევსებას და მერე გადმოიყვანენ აქ.

რთულია ანალიზი რეჟიმის ქმედებების. შეიძლება განჩინების ჩამოტანას ელოდნენ "პროცედურული დემოკრატიის დასაცავად", ან მსჯელობდნენ, სად უნდა განეთავსებინათ და ამან წაიღო გარკვეული დრო.
 
ეს არის ფარსი, არაა სასამართლო. როლებია განაწილებული და ნიკა გვარამიამ უარი თქვა ამ ფარსში მონაწილეობაზე", - განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა.

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია დააკავეს. მას ჯერ პოლიციის სამმართველოში გადაიყვანენ, შემდეგ კი მოხდება მისი რუსთავის ციხეში შესახლება.