შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი შემთხვევის შესახებ განმარტება გააკეთა.

"მსურს, საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ ქალაქ თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი შემთხვევის შესახებ. შსს-ს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მიღებული შეტყობინების საფუძველზე, ორი პირის სხეულის დაზიანების ფაქტთან  დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყეს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 7 ივნისს რესტორანში დაწყებული ურთიერთშელაპარაკება მოგვიანებით ამავე რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

დაპირისპირების დროს 1998 წელს დაბადებულმა ს.უ-მ და 1996 წელს დაბადებულმა დ.ს.-მ სხეულის სხვადასხვა არეში, მათ შორის თავის არეში დაზიანებები მიაყენეს 1987 წელს დაბადებულ ა.პ-ს. გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ფიზიკური დაპირისპირების დროს, ა.პ-მ ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა ს.უ-სა და დ.ს-ს. ხოლო ხოლო ა.პ-ს თანმხლებმა პირმა ი.ტ-მ ფიზიკურად იძალადა კონფლიქტში მონაწილე ს.უ-სა და დ.ს-ზე. მომხდარი ფაქტის შემდეგ როგორც დაპირისპირებაში მონაწილე, ისე მომხდარის შემსწრე პირებმა შემთხვევის ადგილი დატოვეს.

შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინციდენტში მონაწილე ყველა პირი გლდანი-ნაძალადევის მთავარ სამმართველოში იქნენ წარმოდგენილი. სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში პოლიციის მიერ მოსამართლის განჩინების საფუძველზე შემთხვევის ადგილზე, კერძოდ, რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეოსამეთვალყურეო კამერებიდან ამოღებულია დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალა, რასაც საზოგადოებისთვის ვასაჯაროებთ. საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით, გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს შენობაში მყოფი ა.პ. დროის მოკლე პერიოდში გახდა შეუძლოდ და გონება დაკარგა. სამართალდამცველებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება დაუყოვნებლივ გამოიძახეს და მოხდა მისი სტაციონარში გადაყვანა. პოლიციამ მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაცია მყისიერად მიაწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებიდან ორ დღეში ა.პ. სამწუხაროდ, გარდაიცვალა. აქვე დამატებით გაცნობებთ, რომ პოლიციამ ჩატარებული გამოძიების შედეგად ჯგუფური ძალადობის ბრალდებით სამი პირი უკვე დააკავა. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლოს მიერ შეფარდებული აქვთ პატიმრობა. გამოძიების მიერ დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა და საგამოძიებო ორგანო ფაქტზე გამოძიებას აგრძელებს. შსს კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს და აქტიურ კომუნიკაციაშია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან. მოვუწოდებთ საქმესთან შემხებლობაში მყოფ პირებსა და მედიასაშუალების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ იმგვარი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც ხელს შეუშლის გამოძიებას ობიექტურობის დადგენაში“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.