"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა კვლავ პატიმრობაში დატოვა.

დღევანდელ პროცესზე აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელეს.

ამავდროულად, გამოიკითხა ამაღლობელის საქმის მოწმეც.

მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე მომდევნო პროცესი 4 ივლისს, 13:00 საათზე გაიმართება.

მზია ამაღლობელი ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 11-12 იანვრის ღამეს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს, რამდენიმე წუთში კი უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.